ტვინების ბრძოლის წესები
1. პროექტის აღწერა
1.1. ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის.
2. პროექტის მიზნები
2.1.მოსწავლე ახალგაზრდობაში ერუდიციის, წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლება.
2.2.მოსწავლე ახალგაზრდობაში ინტელექტუალური განტვირთვის წახალისება.
2.3.მოსწავლეებისთვის ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარის, გუნდური მუშაობის უნარისა და სხვა ღირებული უნარ-ჩვევების განვითარება.
3. თამაშის წესები
3.1. სასკოლო ტვინების ბრძოლას თამაშობენ არაუმეტეს 5 წევრისაგან დაკომპლექტებული გუნდები.
3.2. თამაში შედგება 15 შეკითხვისგან, რომლებიც მონაცვლეობით არის 5-, 6- და 7-ქულიანი.
3.2. წამყვანი თითოეული შეკითხვის გაჟღერების შემდეგ მონაწილე გუნდებს აძლევს 90-წამიან მოსაფიქრებელ დროს, რომლის განმავლობაშიც თითოეულმა გუნდმა პასუხების ფურცელზე უნდა დაწეროს საკუთარი ვერსია.
3.3. 90-წამიანი მოსაფიქრებელი დროის ბოლო 15 წამის განმავლობაში თითოეულმა გუნდმა პასუხების ფურცელი უნდა აღმართოს მაღლა.
3.4. დროის ამოწურვასთან ერთად ყველა გუნდს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პასუხების ფურცელი, ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ აღმართული პასუხების ფურცელი არ განიხილება შეფასებისას.
3.5. სწორი პასუხი ფასდება შეკითხვის გაჟღერებამდე წინასწარ გამოცხადებული ქულით (5, 6 ან 7), ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
3.6. თამაშის მე-8 შეკითხვა არის კაპიტნების რაუნდი, რომელშიც კაპიტანი ასახელებს ხუთი მოაზროვნიდან ერთ-ერთს, რომელიც მარტო ითამაშებს აღნიშნულ შეკითხვაზე. გუნდის დანარჩენი ნაწილი დროებით ტოვებს სათამაშო დარბაზს.
3.7. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე გაჟღერდება 2 შეკითხვა წინასწარ დაანონსებული წიგნის საფუძველზე.
3.8. გამარჯვებულია გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
4. ასაკობრივი კატეგორიები
4.1. ტვინების ბრძოლა ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში: U5 (III-IV-V კლასები), U8 (VI, VII, VIII კლასები) და U12 (IX, X, XI, XII კლასები).
4.2. გუნდის დაკომპლექტება შესაძლებელია ერთი და იგივე სკოლის ერთსა და იმავე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ნებისმიერი კლასის მოსწავლეებისგან.
4. ჩემპიონატის პრინციპი
4.1. ტვინების ბრძოლა ტარდება 4-ეტაპიანი ჩემპიონატის სახით.
4.2. პირველ ეტაპზე სკოლაში იმართება ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო თამაში, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია.
4.3. შიდასასკოლო თამაშში მონაწილეობის მიღება უფასოა.
4.4. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მეორე ეტაპისთვის.
4.5. მეორე ეტაპზე იმართება საქალაქო ტური, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი ქალაქის სხვა გუნდებს.
4.6. საქალაქო ტურში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 25 ლარით ერთ მოაზროვნეზე.
4.7. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მესამე ეტაპისთვის.
4.8. მესამე ეტაპზე იმართება რეგიონული პირველობა, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი რეგიონის სხვა გუნდებს.
4.9. რეგიონულ პირველობაში მონაწილეობის მიღება უფასოა.
4.10. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მეოთხე ეტაპისთვის.
4.11. მეოთხე ეტაპზე იმართება ფინალი, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საქართველოს მასშტაბით ფინალში გადასულ სხვა გუნდებს.
4.12. ფინალში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 25 ლარით ერთ მოაზროვნეზე.
4.13. გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს.
5. განსაკუთრებული პირობები
5.1. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე ზოგიერთ შეკითხვას შესაძლოა, ახლდეს დამატებითი ვიზუალური მასალა, რომელიც გუნდებს დაურიგდებათ შეკითხვის გაჟღერებამდე და/ან გამოისახება ეკრანზე.
5.2. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპების დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდებს შეუძლიათ, შეავსონ სააპელაციო განაცხადი, თუ მიიჩნევენ, რომ რომელიმე შეკითხვაში მათი დაფიქსირებული პასუხი უნდა ჩაითვალოს სწორად.
5.3. სააპელაციო განაცხადს განიხილავს სააპელაციო ჟიური, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; ე.წ. “ლოგიკური დუალის” აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩაითვალოს პასუხი, რომელიც არ ემთხვევა საავტორო პასუხს.
5.4. “ლოგიკურ დუალად” მოიაზრება გუნდის დაფიქსირებული პასუხი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა შეკითხვის პირობაში არსებულ მოთხოვნებს, თუმცა განსხვავდება საავტორო პასუხისგან.
5.5. სააპელაციო განაცხადის დაფიქსირება ფასიანია და განისაზღვრება 10 ლარით.
5.6. სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო თანხა უბრუნდება პირს, რომელმაც თანხა შემოიტანა.
5.7. სააპელაციო განაცხადზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სააპელაციო თანხა გადადის ორგანიზატორების განკარგულებაში.